უკრაინის პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც რუსეთის რეგულარულ არმიას ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით მან ვაშინგტონში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ ამერიკის ებრაული კომიტეტის გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ნამდვილი ომი გვაქვს რუსეთთან. უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც რუსულ რეგულარულ არმიას ებრძვის. ჩვენ წარმატებით მოვიგერიეთ რუსი სამხედროები", – თქვა იაცენიუკმა.
უკრაინის პრემიერმა დაასახელა ის ხალხიც, ვინც, მისი აზრით, უკრაინელი ერის მტერია.
"ისინი, ვისაც მსოფლიო წესრიგის დარღვევა უნდა, ვისაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალი საზღვრების გავლება სურს, ვინც პატივს არ სცემს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიას და ჩვენს ერს, ჩვენი მტრები არიან", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
წინა დღეს იაცენიუკი და უკრაინის ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო საქმიანი ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრნენ.