თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის ”დელტას” დირექტორი უჩა ძოძუაშვილი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა როდესაც სტიქიას ერთ რეგიონში უმკლავდება, მეორე რეგიონს ზიანს აყენებს.
გასული კვირის ბოლოს კოკისპირული წვიმების, სეტყვისა და ქარის გამო აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში — მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი — სოფლები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.
”მოარული ხმები, თითქოსდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსული უხვი ნალექი დაკავშირებულია კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებასთან, ძირეულად მცდარია. სისტემის მუშაობის სპეციფიკიდან და პრინციპიდან გამომდინარე, მსგავსი კავშირი გამორიცხულია”, — განაცხადა ძოძუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ”დელტა” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების განთავსებას მთელ საქართველოში გეგმავს.
”სისტემის დამონტაჟებისთვის რიგი წინასწარი სამუშაოების და კვლევების ჩატარებაა აუცილებელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ”დელტა” მზად იქნება, მსგავსი სისტემები სხვა რეგიონებშიც დააყენოს”, — აღნიშნა ძოძუაშვილმა.
სპეციალურ სისტემას, რომელიც კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დამონტაჟდა, შეუძლია სეტყვის ღრუბელის აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მისი კონტროლირება. კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში სეტყვის ღრუბელზე ზემოქმედებისთვის საცეცხლე წერტილებია მოწყობილი.
გასული სამი დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში პროცესების ინტენსიურობას სტიქიური სახე ჰქონდა. სეტყვასაშიში ღრუბლების საერთო ფართობმა 6500 კმ2-ს გადააჭარბა, რაც სისტემის სამუშაო ტერიტორიის ნახევარზე მეტია. როგორც ”დელტაში” აღნიშნეს, სამი დღის განმავლობაში 300-ზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს, რამაც სტიქიის შესუსტების თვალსაზრისით სერიოზული შედეგები გამოიღო.