თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ორშაბათს, საქართველოს ელჩმა ვაშინგტონში არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მზადდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ვიზიტი აშშ-შ, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ელჩის განცხადებით, აშშ-ს მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრისას, ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააფიქსირებს ნატოში გაწევრიანების მყარ სურვილს და ითხოვს მხარდაჭერას ამ საკითხში.
„ამ დროისათვის მიმდინარეობს ახალი თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მომზადება, რომლის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დაისმება ეს საკითხი (ნატოს წევრობა). ჩვენ ასევე ვიწყებთ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის მომზადებას“ — უთხრა გეგეშიძემ ჟურნალისტებს.
საქართველოსა და ნატო–ს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა ნატო–ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP — Parntnership for Peace)პროგრამის მონაწილე. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ნატო–საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის ბუქარესტის ნატო–ს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე დამტკიცდა, რომ ალიანსის სტანდარტების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველოსა და უკრაინას მომავალში შეუძლიათ გახდნენ ნატო–ს წევრები.
ნატო–ს უელსის სამიტზე, რომელიც 2014 წლის 4–5 სექტემბერს გაიმართა, დამტკიცებული იქნა „არსებითი პაკეტი“, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ სწრაფვას. "არსებითი – პაკეტი" ითვალისწინებს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნას, სადაც მომზადებას გაივლიან ალიანსის და ნატო–ს მოკავშირე წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.