თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ალასანია ამტკიცებს, რომ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეებთან საიდუმლო შეხვედრის მსვლელობისას შესაძლოა გარიგება მოახდინა სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, დაცვის აზრით „კაბელების საქმეზე“ ბრალდების ერთ ერთი მთავარი მტკიცებულების, გაფლანგვის ფაქტის დამადასტურებელი — სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის კვლევითი და დასკვნითი ნაწილები არ დაუშვა.
„სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხუთშაბათს საღამოს, ივანიშვილი მოსამართლეებს შეხვდა“, განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის ეთერში, ორშაბათს 8 ივნისს.
მისი თქმით, ივანიშვილი შესაძლოა დაპირდა მოსამართლეებს იმ ცვლილებების შეჩერებას, რომლებიც მოსამართლეთათვის თავმჯდომარის არჩევის უფლებას ეხება. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა მოსამართლის უფლებამოსილება უნდა შეჩერდეს, რაც მოსამართლეთა ნაწილს არ მოსწონს. ისინი მოითხოვენ სასამართლოს ახალი თავმჯდომარეების არჩევას მოქმედი თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ.
ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ ინიციატივა სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილების შესახებ, შესაძლოა შეჩერდეს, რაც შესაძლოა „კაბელების საქმეზე“ გარიგების საფუძველი გახდეს“ — განაცხადა ალასანიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული შეხვედრა შესაძლოა უარყოფითად აისახოს მართლმსაჯულების სისტემაზე საქართველოში.
„ამას (შეხვედრას) ექნება ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა საქართველოში, ზოგადად მართლმსაჯულებაზე. ამას ექნება ისეთი დატვირთვა, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ამ სასამართლო პროცესსაც და ხალხის ნდობას სასამართლოს მიმართ. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს შეწყვიტოს ასეთი ქმედებები სასამართლოსთან მიმართებაში და მართლმსაჯულებას მისცეს სწორი გზით განვითარების შესაძლებლობა“, — განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 მილიონ 102 ათასი ლარის (1.79 მლნ$) გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ მათ ბრალად ედებათ თავდაცვის სამინისტროს ტენდერის შედეგების ფალსიფიკაცია და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა საკომუნიკაციო კომპანია „Silknet”-ის სასარგებლოდ.