თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. აშშ მხარს უჭერს ქართველ პოლიტიკოსთა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნოლანდმა, საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლის ვადებთან დაკავშირებული კამათის კომენტირებისას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორშაბათს მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას, განმარტოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ შერეული სისტემით ჩატარების შესახებ. მმართველ კოალიციაში აღნიშნეს, რომ პროპორციული სისტემით შემდეგი — 2020 წლის არჩევნები ჩატარდება.
„ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რომელი საარჩევნო სისტემაა უმჯობესი, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ პოლიტიკოსთა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას“ — განაცხადა ნოლანდმა ორშაბათს, 8 ივნისს.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემაში დისბალანსის გამოსწორებისაკენ მიმართული დისკუსია მნიშვნელოვანია.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დისკუსიები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმის ირგვლივ მიმდინარეობს, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ეს ყველაფერი მიმართულია საარჩევნო სისტემაში დისბალანსის გამოსწორებისაკენ“, — აღნიშნა ნოლანდმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომა 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც ეხება ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების განაწილების პრინციპს მუნიციპალიტეტების რაოდენობიდან გამომდინარე.
როგორც სასამართლოში განმარტეს, საქართველოს პარლამენტმა მექანიკურად დაუკავშირა საარჩევნო ოლქები მუნიციპალიტეტებს ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა.
კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები საქართველოს პარლამენტში პროპორციული (77 დეპუტატი) და მაჟორიტარული (73) სისტემით ტარდება. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2016 წელს უნდა ჩატარდეს.
2 ივნისს ოპოზიციურ პარტიათა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა თხოვნით მიმართა პარლამენტს დაიწყონ საარჩევნო სისტემის რეფორმირება იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ტარდებოდეს.