თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი ირწმუნება, რომ რუსთავის №6 საპატიმროს თანამშრომლები მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის ვადის გაგრძელებას ცდილობენ.
გასულ კვირას ნაფიცმა მსაჯულებმა 13 საათიანი თათბირის შემდეგ ლაშა მახარაძის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ნაფიც მსაჯულთა ახალ შემადგენლობას თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივნისს აირჩევენ. ამასთან, იწურება ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა და ის სასამართლოს დასრულებამდე შეიძლება გაათავისუფლონ.
”გუშინ, საღამოს 21:30 საათზე მასთან (ოქროპირიძესთან) დაწესებულების თანამშრომელი შევიდა. გიორგი მიხვდა, რაში იყო საქმე. მან ხელები ჯიბეში ჩაიწყო და კუთხეში დადგა. ამის შემდეგ ამ ადამიანმა შემოიხია ტანსაცმელი და თავის თავს ცემა დაუწყო. გიორგი 12 რიცხვში უნდა გათავისუფლდეს. ეს ყველაფერი მისთვის პატიმრობის ვადის გასაგრძელებლად კეთდება”, — განაცხადა ორშაბათს, 8 ივნისს ადვოკატმა დავით მოდებაძემ.
ადვოკატი მოითხოვს, რომ ციხის ადმინისტრაციამ საკნის ვიდეოგადაღების ჩანაწერი გამოაქვეყნოს.
ოქროპირიძის ინტერესთა დამცველი ასევე პატიმრის საკანში არსებული ვიდეოდაკვირვების კამერების ჩანაწერების გამოაშკარავებას მოითხოვს.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სპეციალური განცხადების გავრცელებას გეგმავს.
გამოძიების მონაცემებით, მახარაძემ აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ის სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს 2014 წლის 12 სექტემბერს გადასცეს.
ოქროპირიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (წინასწარ განზრახული მკვლელობა განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა).
მახარაძის მკვლელობის საქმეზე 2014 წლის 4 სექტემბერს საქმის კიდევ ერთი მონაწილე — 1989 წელს დაბადებული ვლადიმერ ბერძენიშვილი დააკავეს. მან, გამოძიების ვერსიით, სავარაუდო მკვლელი მანქანით წაიყვანა. ამჟამად ბერძენიშვილი განსაკუთრებით სასტიკი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო იხდის სასჯელს. ის საქმეში მთავარი მოწმეა.