თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სასამართლო და მედია უფრო მეტად დამოუკიდებლები გახდნენ, თუმცა არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არაფორმალური გავლენის ნიშნები, ნათქვამია არასამათავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ანგარიშში, რომელიც ორშაბათს, 8 ივნისს გამართულ კონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი.
ანგარიში „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება“ იმ დადებით და უარყოფით ცვლილებებს ასახავს, რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე მოხდა. პირველად მსგავსი შეფასება 2001 წელს გამოქვეყნდა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი სახეზეა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მედიაში, სამოქალაქო საზოგადოებაში და სასამართლოში. მეტ-ნაკლები პროგრესი შეინიშნება სხვა ინსტიტუტების უმრავლესობაშიც. ამავე დროს, 2011 წელთან შედარებით შემცირდა მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების საერთო ქულა. ამასთან, საჯარო სამსახურის საერთო ქულის მატება საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებით არის განპირობებული, ხოლო პრაქტიკის ნაწილში ამ ინსტიტუტის საერთო ქულა 2011 წელთან შედარებით გაუარესდა“, — ნათქვამია ანგარიშში.
პოზიტიურ ცვლილებათა შორის 2011–2015 წლების პერიოდში დასახელებულია მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, უფრო მეტად პლურალისტული და მთავრობისგან მეტად დამოუკიდებელი პარლამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა და უფრო მეტად დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია.
პრობლემათა შორის დასახელებულია:
• აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არაფორმალური გარეშე გავლენის ნიშნები, რაც ამცირებს მის დამოუკიდებლობას;
• პარლამენტი კვლავაც არ არის საკმარისად დამოუკიდებელი იმისთვის, რომ ეფექტიანი ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის საქმიანობას;
• ყოფილ თანამდებობის პირთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკური მოტივაციისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნები ჩრდილს აყენებს როგორც სასამართლოს, ისე სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობას;
• ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, პროფესიონალური საჯარო სამსახური;
• შეშფოთებას იწყვევს ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევები საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის პროცესში;
• სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ღია და კონკურენტული ტენდერების გარეშე ხორციელდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ 12 ინსტიტუტის მუშაობა შეაფასა. ესენია: პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, საჯარო სამსახური, სამართალდამცავი უწყებები, საარჩევნო ადმინისტრაცია, სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პოლიტიკური პარტიები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი. ინსტიტუტების საქმიანობა შეფასებულია ისეთი ინდიკატორების მიხედვით, როგორიც არის რესურსები, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდიერება და ინსტიტუტის როლი კორუფციის პრევენციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი რეკომენდაციები მდგომარეობს შემდეგში:
• გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფისთვის გამიზნული სამართლებრივი ნორმები და შეიქმნას პრაქტიკაში მათი განხორციელების სათანადო მექანიზმები, რისი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია შესაბამისი უფლებამოსილებებითა და რესურსებით აღჭურვილი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა;
• აღმოიფხვრას ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში და შემცირდეს ელექტრონული შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის გვერდის ავლით გაფორმებული კონტრაქტების ხვედრითი წილი;
• გაგრძელდეს წინსვლა პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნის მიმართულებით, რისთვისაც საჭიროა საარჩევნო სისტემის დარჩენილი პრობლემების გადაჭრა და რესურსებზე პოლიტიკური პარტიების უფრო თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა;
• აღმოიფხვრას მთავრობაზე არაფორმალური გარე გავლენა;
• შეიქმნას დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახური, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენისგან. ამისთვის აუცილებელია საკანონმდებლო რეფორმის დასრულება, საჯარო სამსახურში დასაქმების, დაწინაურების, სამსახურიდან დათხოვნისა და ანაზღაურების გამჭვირვალე სისტემის შექმნა, ფავორიტიზმისა და ნეპოტიზმის შემთხვევებისა და არჩევნების შემდეგ საჯარო მოსამსახურეების მასობრივი დათხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა.