თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 3 150 000 000 ლარი (დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც წლიური გეგმის 40% და 6 თვის გეგმის 85%-ია.
აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდს 360 მილიონი ლარით (157 მლნ აშშ დოლარი) აღემატება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხუთი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
საანგარიშო პერიოდში გაწეული ხარჯები 3,6 მილიარდ ლარს (1,6 მლრდ აშშ დოლარი) შეადგენს, რაც 6 თვის გეგმის 80%-ია, ხოლო წლიური გეგმის თითქმის 40%; გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დახარჯულია 428 მილიონი ლარით მეტი (186,1 მლნ აშშ დოლარი).
”ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან, კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეული ხარჯი 360 მილიონი ლარია (157 მლნ აშშ დოლარი), რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასო ხარჯმა 270,6 მილიონი ლარი (117,4 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 91 მლნ ლარით (დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი) აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს”, — განაცხადა ხადურმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მაისში ექსპორტის მაჩვენებელი არ შემცირებულა, რაც ასევე დამაიმედებელია.