ვიკიპედიაში არის სტატიები, რომლებიც იწყება სიტყვით „მოსახლეობა“. მათი საშუალებით იოლადაა შესაძლებელი თითოეული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის დემოგრაფიული დინამიკისთვის თვალყურის მიდევნება. ყველაზე მოსახერხებელი კი ისაა, რომ მონაცემები ტევად ცხრილებშია დატანილი, რაც 50–იანი წლებიდან დღემდე პერიოდის, პრაქტიკულად, ერთდროულად ნახვის საშუალებას იძლევა.
საბჭოთა კავშირი განსხვავებული ტრადიციების – მათ შორის, ოჯახური – მქონე ეროვნული რესპუბლიკებისგან შედგებოდა. დიდი სამამულო ომისას რესპუბლიკების მოსახლეობის მამაკაცთა ნაწილის დანაკარგები და საერთო დანაკარგები ასევე განსხვავებული იყო. დანაკარგების ეფექტი სსრკ–ის საერთო დემოგრაფიულ სურათზე აისახებოდა, მაგრამ სხვადასხვაგვარად მოქმედებდა ცალკეულ რესპუბლიკებში. სადღაც, მაგალითად უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთში ომით გამოწვეული ღრმული მკვეთრად იგრძნობოდა თითოეულ მომდევნო თაობაში. შუა აზიის რესპუბლიკებში ეს ეფექტი ნაკლებად შესამჩნევი იყო.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ სსრკ–ში ყველა რესპუბლიკა სტაბილურად აჩვენებდა პოზიტიურ დემოგრაფიულ დინამიკას. ყოველწლიური ზრდა სადღაც უფრო მაღალი იყო, სადღაც უფრო დაბალი, მაგრამ ზრდა ყველგან იყო.
სსრ კავშირის დაშლის შემდეგ სიტუაცია დრამატულად შეიცვალა. უფრო მეტიც, ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა დიამეტრალურად საწინააღმდეგო ტენდენციების ჩვენება დაიწყეს. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა პოსტსაბჭოთა პერიოდის ორი ათეული წლის განმავლობაში მოსახლეობის თითქმის მესამედი დაკარგეს, თურქმენეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა პირიქით, 25–35%–იანი ზრდა აჩვენეს.
საინტერესოა, რომ ყველა ახალი სახელმწიფო, მათი პოლიტიკური პოზიციონერობის მიხედვით, შესაძლოა სამ დიდ ჯგუფად დაიყოს. ეს პოზიციონირება კი ძალზე მკაფიო კორელაციაშია დემოგრაფიულ პროცესებთან.
პირველი ჯგუფში შედიან ქვეყნები, რომლებიც არასდროს ყოფილან ავად „ევროპული არჩევანით“. ეს ზემოთ ნახსენები ოთხი შუააზიური რესპუბლიკა და აზერბაიჯანია. ყველა მათგანი, თითოეული ქვეყანა თავისებურად, ეროვნულ ტრადიციებს ეყრდნობა და იმავდროულად ისლამურ საზოგადოებაში საერო სახელმწიფოს აშენებს. ყველა მათგანი დასავლეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს. სახელმწიფო ხელისუფლება მეტად პრაგმატულია. ამ სახელმწიფოთა სასტარტო პირობები უთანასწორო იყო და შემდგომი განვითარებაც სხვადასხვაგვარად მიდიოდა — სადღაც, მაგალითად, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანში, გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის გავლით, სადღაც კი უამისოდ. ზოგიერთმა, მაგალითად, აზერბაიჯანმა, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ღირსეულ დონეს მიაღწია, ზოგიერთი კი, მაგალითად, ტაჯიკეთი, უკიდურესად ღარიბ სახელმწიფოდ რჩება.
პოსტსაბჭოთა წლებში ყველა მათგანში მოსახლეობის ზრდა ფიქსირდებოდა.
მეც, სხვა ბევრის მსგავსად, ყველაფერ ამას ეროვნული ტრადიციებით ავხსნიდი, რომ არა ყაზახეთი, რომლის ოჯახური ტრადიციებიც არცთუ ძალიან განსხვავდება მეზობელი ქვეყნების ტრადიციებისგან. მიუხედავად იმისა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში გაედინებოდა ქვეყნიდან, ეს პროცესი არ იყო იმდენად დრამატული, რამდენადაც 90–იანების დასაწყისში სამოქალაქო ომით შეპყრობილი ტაჯიკეთიდან რუსების, პრაქტიკულად, ერთდროული გაქცევა ან უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან სლავური მოსახლეობის მიზანმიმართული გამოძევება. და მაინც, ყაზახეთი, რუსეთთან, ბელორუსთან და სომხეთთან ერთად, ქვეყნების მეორე ჯგუფში შედის. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც „ევროპულ არჩევანსა“ და პოსტსაბჭოთა სივრცეში რეინტეგრაციას შორის მერყეობენ.
ნაციონალური ელიტები 90–იანი წლების პირველ ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეინტეგრაციის იდეები ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ უარყოფილი, დასავლურ სისტემას ესწრაფვოდნენ. 90–იანი წლების მეორე ნახევარში იმედგაცრუების პერიოდი დადგა, ხოლო 2000 წლების დასაწყისში, სტაგნაციის გზაზე მდგარი დსთ–ის ნაცვლად რეალურად მომუშავე საინტეგრაციო მექანიზმის, საბაჟო კავშირის შესაქმნელად აქტიური მცდელობები დაიწყო.
და რას ვხედავთ მოსახლეობის სფეროში? რუსეთი, ყაზახეთსა და სომხეთთან ერთად, პრაქტიკულად, ერთნაირ დინამიკას აჩვენებს. ყაზახეთის მოსახლეობა 1994–2001 წლებში შემცირდა, მაგრამ ამის შემდეგ სტაბილურად იმატებს. რუსეთში მოსახლეობის მატებამ 1996–2009 წლებში იკლო, 2010 წლიდან კი მყარად იზრდება. სომხეთის მოსახლეობამ 2001–2003 წლებში კლება, ხოლო 2004 წლიდან მატება დაიწყო. თანაც საუბარია შობადობის სიჭარბეზე სიკვდილიანობასთან შედარებით და არა მიგრაციულ ზრდაზე.
ამ რიგიდან მხოლოდ ბელორუსიაა ამოვარდნილი, სადაც მოსახლეობამ კლება 1993 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. თუმცა დინამიკა აქაც მეორდება. დემოგრაფიული დანაკარგების პიკზე, 2002 წელს, სიკვდილიანობა წელიწადში თითქმის 58 ათასით აჭარბებდა შობადობას. მას შემდეგ ნეგატიური სალდო გამუდმებით მცირდებოდა და 2013 წელს არასრული 7, 5 ათასი შეადგინა (ბელორუსის ეროვნული სტატისტიკური კომიტეტისა და გაეროს დემოგრაფიული ყოველწლიურის მონაცემები). თუ ამ დინამიკას შეინარჩუნებს, ბელორუსი 2015–2017 წლებში ნულოვან მაჩვენებელზე გავა, ხოლო შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის მატების რეჟიმზე გადავა.
დაბოლოს, მესამე ჯგუფი — თანმიმდევრული ევროინტეგრატორები: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველოს. ეს ქვეყნები დღესაც ისე კარგავენ მოსახლეობას, როგორც ადრეულ 90–იანებში კარგავდნენ. ამასთან, პროცესის დინამიკა გვაძლევს უფლებას, რომ გადაშენებაზე ვისაუბროთ. აქ გარკვეულ გამონაკლისს საქართველო წარმოადგენს, სადაც, მოსახლეობის კლებისადმი საერთო ტენდენციის ფონზე, ორჯერ დაფიქსირდა მოსახლეობის უმნიშვნელო ზრდის, უფრო კი სტაბილიზაციის პერიოდი — 2005–2006 და 2009–2012 წლებში. მაგრამ ეს პერიოდები რაღაც უცნაურად დაემთხვა სააკაშვილის მმართველობასა და რუსულ–ქართული ურთიერთობების გამწვავებას, როდესაც რუსეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის ნაწილი სამშობლოში დროებით დაბრუნდა. მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობა 1992 წლიდან 2015 წლამდე 5 467 400 ადამიანიდან 3 729 500 ადამიანამდე შემცირდა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები), რაც ბალტიისპირეთის დინამიკას ემთხვევა.
აი, ასეც ხდება, როცა ქვეყნებიც სხვადასხვაა, რელიგიებიც, ეროვნული ტრადიციებიც — მათ შორის, ოჯახური — ცხოვრების დონეც, მაგრამ ევროინტეგრაციის პროცესებისადმი დამოკიდებულება დემოგრაფიული პროცესების შეუცდომელ მარკერად გვევლინება.
იქნებ საქმე მხოლოდ ტრადიციებში კი არა, პოლიტიკურ არჩევანშიცაა?
რედაქციის აზრი, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებას.