თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ”ცივი ომის მენტალიტეტის გაღვივებაში” დასდო ბრალი, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.
”არიან ისინი და განსაკუთრებით პრეზიდენტი პუტინი, ვინც ცდილობენ, ”ცივი ომის” მენტალიტეტი თითქოსდა ”გადატვირთონ” და ხელახლა გააღვივონ. მაგრამ ეს ნამდვილად არაა აშშ-ის ან G7-ის სხვა წევრებისთვის პერსპექტივა”, — განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა გერმანიაში გამართულ ”დიდი შვიდეულის” სამიტზე.
ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კითხვას, ხომ არ არის G7-ის პოზიცია, რომ ”უარყოს რუსეთი” და ”ცივ ომს” დაუბრუნდეს.
”G7 — ეს არის დემოკრატიული ერების დაჯგუფება, რომელიც საერთო ფასეულობების დადგენის ერთგულია და ჩვენ მტკიცედ ვისწრაფვით, რომ ეს ფასეულობები მთელ მსოფლიოში გავავრცელოთ. როცა ერთად ვიკრიბებით, ვაგზავნით ძალზე ძლიერ სიგნალს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფასეულობები”, — განაცხადა ერნესტმა ”დიდი შვიდეულის” საქმიანობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას.
გასული წლიდან მოყოლებული, ყირიმის და უკრაინის მოვლენების შემდეგ, დასავლეთი რუსეთს და პირადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ”ცივი ომის” დროინდელი პოლიტიკის დაბრუნებაში ადანაშაულებს. მოსკოვი, თავის მხრივ, უარყოფს ამ ბრალდებას და მიანიშნებს, რომ ასეთი პოლიტიკის გატარება დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს.
კერძოდ, ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დასავლეთის რიგი ქვეყნების შეურიგებელი დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სიახლე არ არის. პესკოვნა სინანულით აღნიშნა, რომ ”გასული საუკუნის 70-იანი წლების რიტორიკა ასე მალე აღორძინდა”.