თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტს რუსეთის ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ სანქციების სია გადასცა და იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო მასზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„მე მოვამზადე და ჩემი დავალებით გადაეგზავნა დღეს მინისტრთა კაბინეტს. ველოდები, რომ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში გადაგზავნილი. ეს სოციალური, ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების, სანქციების ის ჩამონათვალია, რომლებიც უკრაინაში გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს ყველაფერი ეხება როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე, რომელიც პარლამენტისადმი ყოველწლიურ მიმართვას ეძღვნებოდა.
„ეს პრეზიდენტის, მთავრობისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს კოორდინირებული ქმედებაა. აქ მოხვდა ყველა, ვინც სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდა ე.წ. ყირიმის რეფერენდუმზე, რაც არღვევს კანონს ყირიმში ვიზიტის შესახებ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდებით“, – დაამატა მან.
ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის რეგიონები 2014 წლის 16 მარტის რეფერენდუმის შემდეგ გახდნენ. რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა რუსეთთან მიერთებას მისცა. მოსკოვში ხაზგასმით ამბობენ, რომ ყირიმში რეფერენდუმის ჩატარება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და გაეროს წესდებას.