თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ უზრუნველჰყოფს, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.
”ეს ინსტიტუტი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს და კარგ შედეგს ბევრი მიზეზის გამო ვერ მოიტანს. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა იმისთვის, რომ ნაფიც მსაჯულს ბრალდებულისა თუ დაზარალებულის მხარეს საერთო ნაცნობი არ აღმოაჩნდეს”, — განაცხადა ხმალაძემ პარასკევს, 5 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას აზრით, ამ სისტემაში ”პრობლემური მხარეები” იყო და კვლავ რჩება.
”ამ სისტემის შენარჩუნების შესაძლებლობა კარგად უნდა გაანალიზდეს”, — აღნიშნა ბესელიამ.
უფრო ადრე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირება.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში 2010 წელს შეიქმნა. მისით სარგებლობა ბრალდებულებს სურვილის მიხედვით შეუძლიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები ამომრჩეველთა სიიდან ირჩევიან. სასამართლო 12 ადამიანისგან შედგება.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა არ უნდა იყოს:
• ექვს ადამიანზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ საქმე ნაკლებ მძიმე დანაშაულს ეხება;
• რვა ადამიანზე ნაკლები – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;
• ათ ადამიანზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. ხოლო განსაკუთრებით მძიმე საქმეში განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 კაცისგან და ვერდიქტი აუცილებლად უნდა იყოს ერთსულოვანი.
ვერდიქტის გამოტანის შემდეგ მოსამართლე ცალკე სხდომაზე, რომელშიც ორივე მხარე მონაწილეობს, არჩევს სასჯელს ბრალდებულისთვის. მსაჯულთა გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო საბრალდებო ვერდიქტი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ საკასაციო წესით.