თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კანონში ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ცვლილებების შეტანა აუცილებელია, რადგანაც ის ადამიანებს შორის ”უბრალო კონტაქტებსაც” კი კრძალავს.
”ამ ტერიტორიებს ჰქონდა, აქვს და ექნება ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი, სანამ მათ დეოკუპაციას არ მივაღწევთ. ეს დოკუმენტი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კომერციული და სხვა კონტაქტების უფლებას არ იძლევა. ის ადამიანებს შორის უბრალო კონტაქტების ნებასაც არ იძლევა. ამიტომ ეს საკანონმდებლო ნორმა უნდა შევცვალოთ, რათა ადამიანებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხრიდან კავშირები შეინარჩუნონ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ კანონის გამო ბევრი ოჯახი დაინგრა”, — განაცხადა წულუკიანმა უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო "День"-თან ინტერვიუში.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გამოაცხადა. კანონის თანახმად, ამ ტერიტორიებზე შესვლა ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე უკანონოა და ისჯება ან დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.