თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-135-ე კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროებაა, რის გამოც 6 ივნისიდან 7 ივნისის დილამდე პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება პარასკევს, 5 ივნისს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
”საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქიურების საშიშროებაა, რის გამოც 2015 წლის 6 ივნისიდან აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება 19:00 საათიდან 07:00 საათამდე”, — აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნული რეჟიმით ტრანსპორტის მოძრაობას გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს საპატრულო პოლიცია.