საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა კახი კავსაძეს დაბადების დღე მიულოცეს

გამოწერა
1976 წელს კავსაძეს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1981 წელს - სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. ის კოტე მარჯანიშვილის პრემიის (2009 წელს) და რუსთაველის პრემიის (2010 წელს) ლაურეატია.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცნობილ ქართველ თეატრისა და კინოს მსახიობს კახი კავსაძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს და ჯანმრთელობა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს.

”თითოეულ ქართველთან ერთად, მეც მეამაყება და შთამაგონებს ქვეყნისა და პროფესიისადმი თქვენი უანგარო მსახურება, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობა, ქართული კულტურის მონაპოვარი — განუმეორებელი ოსტატობით შექმნილი თეატრალური და კინო-როლები, რომლებზეც გაიზარდა და კვლავ გაიზრდება თაობები, მისაბაძი მოქალაქეობა, თავდადების ის იშვიათი ძალა, რომელიც სანიმუშოა ყველა ჩვენგანისთვის — ყველაფერი, რის გამოც ხალხის ესოდენ დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეთ”, — აღნიშნულია მარგველაშვილის მილოცვის ტექსტში.

პრეზიდენტმა კავსაძეს შემოქმედებითი წარმატებები და დღეგრძელობა უსურვა.

”არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვისაც კახი კავსაძის მიმართ სითბო და სიყვარული არ ჰქონდეს. ბატონი კახი ნამდვილი სახალხო არტისტია და ეს მარტო ტიტული არ არის. მისი ყველა როლი განსაკუთრებული კაცთმოყვარეობით, სიკეთით და გულწრფელობით გამოირჩევა და ამიტომ არის ასე საყვარელი და ახლობელი ქართველი მაყურებლისთვის”, — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერმა კავსაძეს თეატრსა და კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისა და მაყურებლისთვის მინიჭებული სიამოვნებისთვის მადლობა გადაუხადა.

კინოსა და თეატრის მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ვარსკვლავი კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს თბილისში დაიბადა. საყოველთაო აღიარება მას აბდულას როლმა მოუტანა ფილმში ”უდაბნოს თეთრი მზე” (1969 წელი).

1976 წელს კავსაძეს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1981 წელს — სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. ის იპოლიტე ხვიჩიას პრიზის ”იპო” (2001 წელს), კოტე მარჯანიშვილის პრემიის (2009 წელს) და რუსთაველის პრემიის (2010 წელს) ლაურეატია. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ კახი კავსაძის ვარსკვლავი გაიხსნა.


ყველა ახალი ამბავი
0