თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს, განაცხადა ქვეყნის სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარასკევს, 5 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ის, რომ ეს ინსტიტუტი გარკვეულ რეფორმას საჭიროებს, ერთმნიშვნელოვანია. ამის თაობაზე არაერთხელ უთქვამთ, თუმცა დეტალური კომენტარი მიჭირს, ვინაიდან ეს ინსტიტუტი არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა. მაგრამ რაღაც დასკვნების გაკეთება მაინც შეიძლება თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს იგი“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში 2010 წელს შეიქმნა. მისით სარგებლობა ბრალდებულებს სურვილის მიხედვით შეუძლიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები ამომრჩეველთა სიიდან ირჩევიან. სასამართლო 12 ადამიანისგან შედგება.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა არ უნდა იყოს:
• ექვს ადამიანზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ საქმე ნაკლებ მძიმე დანაშაულს ეხება;
• რვა ადამიანზე ნაკლები – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;
• ათ ადამიანზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. ხოლო განსაკუთრებით მძიმე საქმეში განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 კაცისგან და ვერდიქტი აუცილებლად უნდა იყოს ერთსულოვანი.
ვერდიქტის გამოტანის შემდეგ მოსამართლე ცალკე სხდომაზე, რომელშიც ორივე მხარე მონაწილეობს, არჩევს სასჯელს ბრალდებულისთვის. მსაჯულთა გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო საბრალდებო ვერდიქტი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ საკასაციო წესით.