თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საბერძნეთი 5 ივნისს საერთაშორისო სავლუტო ფონდში (სსფ) მორიგ გადასახადს არ გადარიცხავს, აცნობა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის“ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წყარომ.
ვალის დაფარვის გრაფიკით, ათენს 5 ივნისს სსფ-ში დაახლოებით 300 მლნ ევრო უნდა გადაერიცხა. გადარიცხვები ასევე უნდა მოხდეს 12 ივნისს (დაახლოებით 340 მლნ ევრო), 16 ივნისს (დაახლოებით 560 მლნ ევრო) და 19 ივნისს (დაახლოებით 336 მლნ ევრო). მთლიანობაში ივნისის თვეში სულ 1,23 მილიარდი SDR-ია (ნასესხობის სპეციალური უფლება) გადასახდელი.
”ჩვენ სსფ-ს მივმართეთ თხოვნით, გააერთიანოს ოთხი გადასახადი, რომელთა გადარიცხვაც ივნისში უნდა განხორციელდეს. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ გავაკეთებთ”, — განაცხადა წყარომ ფინანსთა სამინისტროში.
სსფ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯერი რაისმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ ფონდს მიაწოდა ინფორმაცია თავისი გეგმის შესახებ, რომელიც ივნისის ოთხი ტრანშის გაერთიანებას გულისხმობს. ახლა გადახდის თარიღი 30 ივნისია. რაისის თქმით, ”გადაწყვეტილება მიმართული იყო ადმინისტრაციული სირთულეების თავიდან აცილებისკენ, რაც მოკლე ვადებში გადასახადების სერიის განხორციელებისას შეიძლება წარმოიქმნას”.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ოთხშაბათს, საღამოს, ბრიუსელში ჟურნალისტის კითხვაზე მორიგი გადახდის შესახებ განაცხადა: ”არ ინერვიულოთ. ჩვენ უკვე გადავიხადეთ 7,5 მილიარდი ევრო, ასე არ არის?”
მმართველი პარტია ”სირიზას” (მემარცხენე პარტიების გაერთიანება) საპარლამენტო წარმომადგენელმა ნიკოს ფილისმა გუშინ ტელეარხ Mega-ს ეთერში განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს დააყოვნოს პენსიების, ხელფასების გაცემა და საავადმყოფოს მომსახურეობის ხარჯების გადახდა. მისი თქმით, ”ყველა დაინტერესებული მხარე ინფორმირებულია, რომ შეთანხმების გარეშე (კრედიტორებთან) კრედიტორებს ვალი არ ჩაერიცხებათ”.
ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა 3 ივნისს ტელეარხის Canal+ კითხვაზე – აქვს თუ არა ქვეყანას სსფ-ისთვის ივნისში 1,6 მილიარდი ევროს გადახდის საშუალება, უპასუხა, რომ ”ეს უინტერესო კითხვაა, არსებითი კითხვაა, თუ როგორ ახერხებდა საბერძნეთი ოთხი თვის განმავლობაში გადაეხადა კრედიტორებისთვის და სსფ-ისთვის 6,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტი, რომელიც საბერძნეთმა თავისი სისხლითა და ხორცით გაიღო”.
მინისტრის თქმით, კრედიტორებისთვის ახლა დადგა დრო ”გახდნენ გონივრულები და მაგიდასთან დასხდნენ წინადადებებით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საბერძნეთს მომავალშიც შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაუბრუნდეს ზრდას (ეკონომიკურს), დაბოლოს, წაშალოს საბერძნეთის კრიზისი ისტორიიდან”.
საბერძნეთი ევროკავშირთან და სსფ-სთან 240 მლრდ ევროზე მეტი ოდენობის ვალის რეგულირებასთან და მათგან ფინანსური დახმარების ბოლო ტრანშების გალღობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვალი 2010 და 2012 წლებში საბერძნეთის ბიუჯეტის დეფოლტისგან გადარჩენის შემდეგ დაგროვდა. კრედიტორების პროგნოზები, რომ ეკონომიის მკაცრი ზომები საბერძნეთს კრედიტების გადახდის საშუალებას მისცემს, არ გამართლდა.