არასამთავრობო ორგანიზაცია: თარგამაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფიდან უნდა გაირიცხოს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ თარგამაძეს მერვე მოწვევის პარლამენტში არ წარუდგენია არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა და 2012 წლიდან 2015 წლის თებერვლამდე საპატიო მიზეზით 50, ხოლო არასაპატიო მიზეზით - 14 პლენარული სხდომა გააცდინა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” დეპუტატს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გივი თარგამაძეს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და საქართველოს პარლამენტს მისი ნდობის ჯგუფის წევრობიდან გარიცხვისკენ მოუწოდებს.

 არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ თარგამაძეს მერვე მოწვევის პარლამენტში არ წარუდგენია არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა და 2012 წლიდან 2015 წლის თებერვლამდე საპატიო მიზეზით 50, ხოლო არასაპატიო მიზეზით — 14 პლენარული სხდომა გააცდინა.

 ”კანონით გათვალისწინებული საპარლამენტო საქმიანობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ზომების მიღებისკენ და გივი თარგამაძისთვის ნდობის ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ”, — აღნიშნულია განცხადებაში.

 ასევე აღნიშნულია, რომ თარგამაძის საქმიანობა მისი სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.

 თარგამაძე 26 მარტს პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე პოლიციის თანამშრომლის მიერ შსს-ს მონაცემთა ბაზიდან მისთვის ინფორმაციის გადაცემას ეხებოდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, რომელიც უწყების გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა, დადგინდა თანამშრომლის ვინაობა, რომელიც თარგამაძეს შსს-ს მონაცემთა ბაზაში შენახულ ინფორმაციებს სისტემატურად გადასცემდა.

 ამჟამად პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: გივი თარგამაძე, ირაკლი სესიაშვილი, ზურაბ აბაშიძე, დავით საგანელიძე, ზვიად ძიძიგური. 

 ”კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნდობის ჯგუფის არცერთ სხვა წევრს გაცდენების კუთხით არ აქვს ისეთი ნეგატიური მაჩვენებელი, როგორც ეს გივი თარგამაძის შემთხვევაშია”, — აღნიშნულია განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0