თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. დუშეთის რაიონში დაახლოებით 1,2 ათას აბონენტს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქარმა და კოკისპირულმა წვიმამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, განაცხადეს კომპანიაში Energo-Pro Georgia ხუთშაბათს, 4 ივნისს.
საქართველოს ყველაზე მსხვილი ენერგოგამანაწილებელი კომპანიის მონაცემებით, დუშეთში ქვესადგური დაიტბორა. აღდგენითი სამუშაოები გამთენიისას დაიწყო.
„სტიქიის გამო, აღნიშნულ რაიონში დილით გათიშული იყო 5000–მდე აბონენტი. კომპანიის ტექნიკური პერსონალი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1200–მდე აბონენტია დარჩენილი“,– განაცხადა კომპანია Energo-Pro Georgia–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთო დვალიშვილმა.
მისი განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება რაიონს დღის ბოლომდე სრულად აღუდგება.
კოკისპირულმა წვიმამ და ქარმა დუშეთის რაიონის 15 სოფელი დააზარალა, რომელთაგან ერთ–ერთი – მლაშე, გარესამყაროს მოწყდა. რაიონში დაიტბორა გზები და განადგურდა მოსავლის ნაწილი.