თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთში სან-მარინოს გუნდს გასვლით თამაშში ანგარიშით 3:0 მოუგო. მატჩი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ჩატარდა.
ალექსანდრე ჩივაძის აღზრდილებმა პირველი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს. ბურთი ნიკა კაჭარავამ გაიტანა კარში ზუსტი დარტყმით. მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ თავდამსხმელმა დუბლი გააფორმა. მატჩის საბოლოო შედეგი 81-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა გოლი.
სან-მარინოს გარდა საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები ჯგუფში არიან: ხორვატიის, ესპანეთის, ესტონეთის და შვედეთის გუნდები. 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში ჩატარდება.