თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ყვარლის სახლთან დაკავშირებულ ვითარებას ინტენსიურად იძიებენ. ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი 3 ივნისს იქ ოჯახთან ერთად შესახლებას ცდილობდა.
შოშიაშვილი ამტკიცებს, რომ პროკურატურა უგულებელყოფს მის საჩივარს იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას მას იძულებით აყიდინეს ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლის ნანგრევები. მისი თქმით, ეს შენობა სააკაშვილის სახლიდან 200 მეტრში მდებარეობს.
„ჩვენ ინტენსიურად ვიძიებთ ამ საქმეს. აქტიურად ვაწარმოებთ საგამოძიებო ღონისძიებებს და ყველა განცხადება–საჩივარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, — განუცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს.
სააკაშვილის ყვარლის სახლში ოთხშაბათს მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის მომხრეები, რომლებიც ბიზნესმენ შოშიაშვილს სახლში არ უშვებდნენ. „ნაცმოძრაობის“ წევრები პოლიციის მხრიდან რეაგირებას მოითხოვდნენ, ხოლო შოშიაშვილი – აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრასა და სააკაშვილთან სკაიპით საუბარს.
შოშიაშვილი ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ დატოვა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში დაუსწრებლად წაუყენა ბრალი და მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოაცხადა.
ამჟამად სააკაშვილი უკრაინაშია და ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი უკავია.