თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ცდილობს ოჯახთან ერთად შესახლდეს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლში, მაგრამ მას იქ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მომხრეები არ უშვებენ, – იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ოთხშაბათს, 3 მაისს.
შოშიაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს პროკურატურა უგულვებელყოფს მის საჩივარს სააკაშვილის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას იგი აიძულეს ეყიდა ყვარლის რაიონის სოფელ გრემში მდებარე კულტურის სახლის ნანგრევები.
„2009 წელს მივმართე საქართველოს პროკურატურას და წარვადგინე ყველა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უკანონო აუქციონი ჩატარდა, რა დროსაც მე მაიძულეს მეყიდა გრემის კულტურის სახლის ნანგრევები, რომელიც ამ ადგილიდან 200 მეტრში მდებარეობს“, – განუცხადა შოშიაშვილმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ არ დატოვებს ტერიტორიას მანამდე, ვიდრე მას ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაუკავშირდებიან.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შოშიაშვილის ქმედება პროვოკაციად შეაფასეს.
„ისინი გაუგებარი მოთხოვნებით მოვიდნენ. მათ თან აქვთ რაღაც დოკუმენტები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისამართი შეეშალათ. სამართლიანობის აღდგენას მათ სულ სხვა კაცი დაჰპირდა და ახლა ეს ადამიანები არ უნდა იდგნენ სააკაშვილის ვენახებთან“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა.