თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს კონსტანტინე არჩაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის ბრალი დაუსრებლად წარედგინა.
”გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ე.წ. იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა”, აღნიშნულია ოთხშაბათს, 3 ივნისს გავრცელებულ მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, 2008 წელს არჩაიამ თავის თანამშრომელს კონსტანტინე ჭეიშვილს უკანონო დავალება მისცა, რაც იმ მეწარმეების მოძიებას გულისხმობდა, რომელთაც თანხის გადახდა შეეძლოთ.
”დავალების შესრულების მიზნით, კონსტანტინე ჭეიშვილი დაუკავშირდა შპს „ლაგი“-ს დირექტორს ლაშა კვირიკაძეს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. დაზარალებულმა ბიზნესმენმა კონსტანტინე ჭეიშვილის მოთხოვნით 15 000 ლარი (დაახლოებით 6,5 ათასი აშშ დოლარი) ჩარიცხა კუდ–თან დაახლოებული კერძო პირის გიორგი კენჭაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კონსტანტინე არჩაიას ხელში აღმოჩნდა”, — აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის მონაცემებით, არჩაიამ 2008 წლის აგვისტოს თვეში შპს „ლუქსი“-ს დირექტორის ზაზა ვაშაყმაძისგანაც ანალოგიური ხერხით მიიღო თანხა.
”მოსალოდნელი გართულებებისგან თავის არიდების მიზნით, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გადახდილ იქნა 100 000 ლარი (დაახლოებით 43,2 ათასი აშშ დოლარი), რაც კონსტანტინე ჭეიშვილმა, დავალებისამებრ, თავის ხელმძღვანელს კონსტანტინე არჩაიას გადასცა”, — აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მოგვიანებით კომპანიამ კიდევ 10 ათასი ლარი (დაახლოებით 4,3 აშშ დოლარი) გადარიცხა, რომელიც ასევე არჩაიამ მიიღო.
”ვინაიდან კუდი – ს ყოფილ მაღალჩინოსანს კონსტანტინე არჩაიას დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი). საქმეზე გრძელდება გამოძიება”, — აღნიშნულია განცხადებაში.