თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შს სამინისტროსა და პროკურატურის მაღალჩინოსნების მიერ 2008–2010 წლებში მოქალაქეებისათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ საქმეების მოკვლევა დაასრულა. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 4 ავტომანქანა კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
„ოთხივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩამორთმეული და დათმობილი ავტომანქანები, რომელთაგანაც ორი ავტომანქანა ირიცხება პროკურატურის ბალანსზე, ხოლო ორი ავტომანქანა შსს–ს ბალანსზე“, – ნათქვამია ოთხშაბათს, 3 ივნისს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტომანქანებს დაიბრუნებენ მაგდა ბაგრატიონი, მაია ბორცვაძე, ხათუნა საგანელიძე და ლაშა ჭოხონელიძე. პროკურატურამ უკვე მიმართა ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ახლადშექმნილი დეპარტამენტი განაგრძობს ბიზნესმენებისთვის თანხების გამოძალვის საქმის გამოძიებას.
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტმა, რომელმაც ფუნქციონირება 4 მარტს დაიწყო, მოკვლევა ჩაატარა. ამ პერიოდში განხილულია 1000 საჩივარი და გამოძიებულია სისხლის სამართლის 118 საქმე.