თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის არსებული პოტენციალი სულ მალე ბუნებრივი აირის მოპოვების გაორმაგების საშუალებას იძლევა, განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე ”კასპიის ნავთობი და გაზი 2015” სიტყვით გამოსვლისას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”სპუტნიკ აზერბაიჯანი” იუწყება.
კასპიისპირა რეგიონში ენერგეტიკული სექტორის უმსხვილესი ღონისძიება — 22-ე საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია ”კასპიის ნავთობი და გაზი” (Caspian Oil and Gas 2015) 2-5 ივნისს ბაქოში მიმდინარეობს.
ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება დაახლოებით 40-45 მლნ ტონა ნავთობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ბუნებრივი აირის მოპოვება ამჟამად არსებული 29 მილიარდი კუბომეტრიდან ორჯერ გაიზრდება.
”ეს შესაძლებელი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი აირის დამტკიცებული მარაგი 2,6 ტრილიონ კუბომეტრს აღწევს”, — განაცხადა ალიევმა.
მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა აზერბაიჯანის გაზრდილ როლზე ევროკავშირის ენერგომატარებლებით უზრუნველყოფის საქმეში.
აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის საკვანძო როლს ასრულებს, რადგანაც რესურსების წყაროა, ასევე სატრანზიტო ქვეყანაა, განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ ამჟამად თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდებაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ”გაზის სამხრეთ დერეფანი”, რომელიც კასპიის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას საქართველოს და თურქეთის გავლით ითვალისწინებს.
”გაზის სამხრეთ დერეფნის” პროექტებისთვის საწყის ეტაპზე ძირითად წყაროდ ბუნებრივი აირი განიხილება, რომელიც მოპოვებული იქნება აზერბაიჯანული აირკონდენსატური საბადოს ”შაჰ დენიზის” დამუშავების მეორე ფაზის ფარგლებში. იგი თურქეთსა და ევროპის ბაზარზე ექსპორტირებული იქნება სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოებისა და ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული (TAP) მილსადენების მშენებლობის გზით.