თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში 4–7 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.
ფესტივალის სტუმრები 4 ივნისს ნიკოლა კანტიონის (Nicolas Cantillon) და ლორან იადის (Laurence Yadi) დასის, 5 ივნისს სამხრეთ–კავკასიელი ქორეოგრაფების, 6 ივნისს მოსკოვის მოდერნ ბალეტისა და ბელორუსული ჯგუფ „SKVO“ –ს წარმოდგენებსა და 7 ივნისს პოლონელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის აურორა ლუბოსის (Aurora Lubos) პერფორმანსს იხილავენ. წარმოდგენები შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.
ამასთანავე, 3 ივნისს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში თანამედროვე ცეკვებში მასტერკლასს ნიკოლა კანტიონი და ლოლა კერვროდანი (Lola Kervroеdan) ჩაატარებენ, 5–6 ივნისს კი სახელმწიფო ქორეოგრაფიის სკოლა აურორა ლუბოსის მასტერკლასს უმასპინძლებს.
ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო სამხრეთ კავკასიაში (SCO) და ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა ცვლილებებისათვის“.