თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის დახმარებით, თელავისა და ახმეტის რაიონის სოფლები სტიქიას გადაურჩნენ, — ამის შესახებ ცენტრი „დელტა“ იტყობინება.
2015 წლის გაზაფხულზე კახეთში განთავსებულ სპეციალურ სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს სეტყვის ღრუბლები და გააკონტროლოს ისინი დაწყებით სტადიაში. კახეთის ყოველ მუნიციპალიტეტში განლაგებულია საცეცხლე წერტილები სეტყვის ღრუბლებზე ზემოქმედებისათვის.
„დელტას“ მონაცემებით, 2 ივნისის ღამეს კახეთში ორჯერ შეიქმნა სეტყვის საშიშროება. პირველად, 1 ივნისს, 22:30 საათზე, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა დააფიქსირა ფორმირების პროცესში მყოფი ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ღრუბელი ახმეტის, თელავის, ყვარელის, და ლაგოდეხის რაიონების თავზე, რომელიც აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ 23:18 —დან 23:52 საათამდე განახორციელა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლა ღრუბლების მიმართულებით. ამის შედეგად ღრუბელთა სისტემა შესუსტდა და კავკასიის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით გადაადგილდა,“ — ნათქვამია შეტყობინებაში.
მეორედ აღნიშნული დანადგარის გამოყენება 2 ივნისს, 1:05 საათზე მოხდა, მას შემდეგ, რაც ახმეტისა და თელავის რაიონების თავზე გამოჩნდა 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ღრუბელი. შედეგად, თელავისა და ახმეტის რაიონში სეტყვის ნაცვლად წვიმა მოვიდა. თელავი-რუისპირის მიმდებარედ და ყვარელი-ლაგოდეხის კავკასიონის ქედის კალთებზე კი წვრილი სეტყვა.
უამინდობა და სეტყვა კახეთისათვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს. გასულ წელს სტიქიამ რეგიონში მოსავლის ნახევარზე მეტი გაანადგურა. 2013 წელს კი სეტყვისაგან 28 ათასი ოჯახი დაზარალდა.
ცენტრ „დელტაში“ ადრე გაკეთდა განცხადება, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95%-ით შემცირდებოდა.