თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში, სოფელ ცაიშში იმყოფებოდა, სადაც კომპანია STIMOR Associate-ს სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა, იუწყება სამშაბათს, 2 ივნისს საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
„საწარმოს გაფართოებისთვის ორი მილიონი დოლარის ოდენობის თანადაფინანსება გამოვყავით. ეს ქართული ინვესტიციაა. აქ დღეში ათი ტონა პომიდორი მოჰყავთ. ამ რეგიონისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მთავარ ამოცანად ჩვენ სწორედ ქართული პროდუქციის წარმოება დავისახეთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული პომიდორი იმპორტირებულ, დაბალხარისხიან პომიდორს ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომპანიის STIMOR Associate პროექტი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. კომპანიამ მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად უსაფრთხო სასათბურე მეურნეობის მშენებლობა 2014 წლის ივნისში დაიწყო. სათბურის გასათბობად კომპანია თერმულ წყლებს იყენებს. მისი რაოდენობა დღის განმავლობაში 6900 კუბურ მეტრს შეადგენს.
ახალი სასათბურე მეურნეობა სოფელ ცაიშში 5,5 ჰექტარ მიწის ფართობზეა აშენებული და 8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციაა ჩადებული.
საწარმოს სამ ჰექტარ ფართობზე 150 ტონა პომიდვრის მოსავალი უკვე მიიღეს, რომელიც როგორც შიდა ბაზარზე, ისე ექსპორტზეც გადის. დარჩენილ ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მოქმედ სასათბურე მეურნეობაში 45 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სამშენებლო სამუშაოებზე — 120 ადგილობრივი მცხოვრები.
პროექტის პირველი ეტაპი 2014 წლის ნოემბერში დასრულდა, როდესაც სასათბურე მეურნეობა 3 ჰექტარ მიწის ფართობზე ამოქმედდა. კომპანიამ პირველი მოსავლის აღება 2015 წლის იანვრიდან დაიწყო. მეორე ეტაპზე აშენდა სათბური 2,5 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომლის მშენებლობაც 2015 წლის მარტში დასრულდა.
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, პროექტის კომპონენტებით — ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობით და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით უკვე სარგებლობს 73 ბენეფიციარი, ასევე დაწყებულია შესაბამისი პროექტების რეალიზაცია. ინვესტიციების მოსალოდნელი მოცულობა 121,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.