თბილისი,2 ივნისი — Sputnik.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს, 2 ივნისს, თავის იტალიელ კოლეგა სერჯო მატარელას (Sergio Mattarella) ეროვნული დღესასწაული იტალიის რესპუბლიკის დღე მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი იტალიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.“- ნათქვამია მისალოც წერილში.
ამასთან აღნიშნულია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იტალიასთან მეგობრულ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს.
„მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის“, — ნათქვამია წერილში.
რესპუბლიკის დღე იტალიაში 1946 წლის 2 ივნისს გამოცხადდა, სახელმწოფოებრივი მოწყობის საკითხზე საერთო ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ. მაშინ იტალიელთა უმრავლესობამ მონარქიის ლიკვიდაციასა და რესპუბლიკის შექმნას დაუჭირა მხარი. იმ დღიდან იტალია რესპუბლიკურ მმართველობაზე გადავიდა. იმავე წელს დაიწყო ქვეყნის ახალი კონსტირუციის მომზადება, რომელიც 1948 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.