თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების ფაქტის კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის არაადეკვატური ნაბიჯი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ 30 მაისს სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას.
ჩემთვის არასასიამონო ფაქტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის არაადეკვატური დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მთლიანად საქართველოს მიმართ — განუცხადა ჟურნალისტებს ბერუჩაშვილმა ორშაბათს, 1 ივნისს.
ამასთან ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ აპირებს უკრაინისათვის საპროტესტო ნოტის გაგზავნას სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ ვაპირებთ საპროტესტო ნოტის გაგზავნას, საკადრო გადაწყვეტილებები უკრაინის მთავრობის სუვერენული უფლებაა“ — განაცხადა ბერუჩაშვილმა.