თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, თავის ქართულ პასპორტს მანამდე შეინახავს, სანამ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით არ მიმართავს.
30 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას მისი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ.
”ის (სააკაშვილი) უკრაინის მოქალაქე გახდა, მაგრამ ფორმალურად, ქაღალდზე საქართველოს მოქალაქე რჩება, სანამ იუსტიციის სამინისტრო დასკვნას არ მიიღებს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით არ მიმართავს”, — განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში.
მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ საკითხის გადასაწყვეტად დრო აქვს.
”ვფიქრობ, დრო გვაქვს. მე ცაიტნოტში არ ჩავვარდებოდი. სააკაშვილმა ყველა ბერკეტი ჩვენ გადმოგვცა. აქედან გამომდინარე, ბურთი ჩვენს მოედანზეა. მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ახლა მშვიდად, აუჩქარებლად გადავწყვეტთ, როდის შევწყვიტოთ მისი საქართველოს მოქალაქეობა”, — აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წელს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სააკაშვილს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. ესენია: სახელმწიფოს კუთვნილი 8.8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის პირადი საჭიროებისთვის გახარჯვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა და „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა 2006 წელს.
საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოაცხადა და ასევე დაიწყო მისი საეთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცედურები. ქართულმა მხარემ არაერთხელ მიმართა უკრაინის ხელისუფლებას მისი ექსტრადირების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.