თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესის ოლქის გუბერნატორი და უკრაინის მოქალაქე გახდა, საქართველოს მოქალაქედ დარჩება მანამ, სანამ ქვეყნის მეთაური ხელს არ მოაწერს ბრძანებულებას მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა გიროგი გოცირიძემ, — იუწყება რუსული საინფორმაციო საგენტო „რია ნოვოსტი“.
გასულ შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა და ოდესელ თანამდებობის პირებს წარუდგინა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქე ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ მდგომარეობის ძალაში შესასვლელად აუცილებელია იურიდიული და ტექნიკური პროცედურები. ამასთან, საქართველო იძლევა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას. საამისოდ კი აუცილებელია მსურველმა პირმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართოს.
„როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას იღებს, ჩნდება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა მოამზადოს მოხსენება და წარუდგინოს იგი პრეზიდენტს, ხოლო პრეზიდენტი, თავის მხრივ, პირს, რომელმაც მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაბამისი ბრძანებულებით უუქმებს საქართველოს მოქალაქეობას. ამიტომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქედ დარჩება მანამ, სანამ ბრძანებულება არ გამოვა“, – განუცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, იურისტმა განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო სააკაშვილი ვეღარ შეძლებს საკუთარი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე დარჩენას. „კანონის თანახმად, უცხოელს არ შეუძლია საქართველოში პოლიტიკური პარტიის შექმნა, არ შეუძლია გახდეს პოლიტიკური პარტიის წევრი და შესაბამისად, სააკაშვილს პარტიული თანამდებობის დატოვება მოუწევს“, – დაამატა გოცირიძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობაში“ თავს იკავებენ კომენტარისგან და აცხადებენ, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.
სააკაშვილმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში, მათ შორისაა სახელმწიფოს კუთვნილი დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის პირადი მიზნებისთვის გახარჯვა. მოგვიანებით სააკაშვილი ძებნილად გამოცხადდა. მანამდე ის აცხადებდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში თავის გუნდთან ერთად დაბრუნდებოდა.