„მაიკროსოფტმა“ Windows 10-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

© photo: Sputnik / Александр Демьянчук / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მაიკროსოფტში“აღნიშნეს, რომ მსოფლიოს ასობით მილიონი ადამიანი ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიას Windows 7-ისა და Windows 8.1-ის განახლების გზით სრულიად უფასოდ მიიღებს.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. კომპანია „მაიკროსოფტმა“ ოპერაციული სისტემა Windows 10-ის ფინალური ვერსიის გამოსვლის თარიღი დაასახელა. გაყიდვები 2015 წლის 29 ივლისს დაიწყება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

აღინიშნება, რომ პლატფორმა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 190 ქვეყანაში. ამასთან, ახალ ვერსიას უამრავი მომხმარებელი მიიღებს Windows 7-სა და Windows 8.1-ის განახლების გზით. „მაიკროსოფტში“ განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯის წყალობით, მსოფლიოს ასობით მილიონი ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს  Windows 10-ზე გადასვლას. 

„Windows 10 – ეს ოპერაციული სისტემის ახალი თაობაა, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებს დიდი საქმეების კეთებაში დაეხმაროს“, – განაცხადა კორპორაცია „მაიკროსოფტის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ტერი მეიერსონმა.  

კომპანიაში აღნიშნეს, რომ Windows 10-ს დაუბრუნდება მენიუ „სტარტი“, რომელსაც მიჩვეულია მომხმარებელი. ახალი ვერსია ასევე აღჭურვილი იქნება ვირტუალური ხმოვანი დამხმარით Microsoft Cortana. 

 ბიომეტრული იდენტიფიკაციის სისტემა Windows Hello შესაძლებელს გახდის სისტემაში პაროლის გარეშე შესვლას პირად მობილურ მოწყობილობებზე ბიომეტრული აუთენტიფიკაციის გამოყენების გზით. 

ახალი პლატფორმის ნაწილი ასევე გახდება საოფისე პროგრამა Office 2016-ის პაკეტი და  ბრაუზერი Microsoft Edge.  ამ უკანასკნელის დახმარებით, მომხმარებელი შეძლებს ვებ-გვერდებზე ხელნაწერი შენიშვნების გაკეთებას, მეგობრებისთვის მათ გაზიარებასა და ასევე კითხვის რეჟიმში დათვალიერებას. 

ადრე „მაიკროსოფტმა“ დაადასტურა, რომ ახალი ოპერაციული სისტემის Windows 10-ის რელიზი 2015 წლის ზაფხულში შედგებოდა მსოფლიოს 190 ქვეყანაში. ოღონდ მაშინ ზუსტი თარიღი არ დასახელებულა. 

ამერიკული კომპანია „მაიკროსოფტი“ 1975 წელს დააფუძნეს ბილ გეითსმა და პოლ ალენმა. კომპანიის შტაბ-ბინა ვაშინგტონის შტატის ქალაქ რედმონდში მდებარეობს. კომპანია სპეციალიზდება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებზე, კერძოდ, „მაიკროსოფტი“ გახლავთ ოპერაციული სისტემა Windows-ის შემქმნელი. 


ყველა ახალი ამბავი
0