თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ცნობილი ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტილოს ”არსენალის მთა ღამით” გამოსყიდვას ბიუჯეტის სახსრებით ვერ შეძლებს. ნახატი კრისტის აუქციონზეა გატანილი.
ვაჭრობა ლონდონში 1 ივნისს გაიმართება. სურათი „არსენალის მთა ღამით“ კრისტის აუქციონზე 800 ათასიდან 1,2 მლნ ფუნტ სტერლინგამდე არის შეფასებული.
”კულტურის სამინისტროს უფლება არ აქვს, როგორც კერძო პირმა, აუქციონში მიიღოს მონაწილეობა და ეს სურათი გამოისყიდოს. ეს ბიუჯეტის ფულია”, — განაცხადა ორშაბათს, 1 ივნისს კულტურის სამინისტროს თანამშრომელმა.
მისი თქმით, მსოფლიოში მრავალი აუქციონია, სადაც სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები იყიდება, მაგრამ საჯარო უწყებები მასში არ მონაწილეობენ.
სამინისტროში ასევე ისაუბრეს ჯგუფ ”33 ა”-ს მთავარი სოლისტის ნიაზ დიასამიძის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოში სურათის ”არსენალის მთა ღამით” დასაბრუნებლად ფონდის დაარსების წინადადებით გამოვიდა. მომღერალმა სახელმწიფოს მოუწოდა, ვინაიდან თანხის შეგროვება დაგვიანებულია, ამ ეტაპზე სამინისტრომ გადაიხადოს თანხა ტილოსთვის, რომელსაც შემდეგ ფონდი დაფარავს.
”ეს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ინიციატივაა, რომელიც უშუალოდ „ფეისბუქით“ დაიწყო. ჩვენ მისი ორგანიზატორები არ ვიყავით და ამიტომ არ შეგვიძლია ვთქვათ, შეიქმნა თუ არა ფონდი და ჩაირიცხა თუ არა იქ ფული”, — აღნიშნეს სამინისტროში.
1907-1908 წლებით დათარიღებული „არსენალის მთა ღამით“ ნიკო ფიროსმანმა ზეთის საღებავებით დახატა მუშამბაზე. ფიროსმანისთვის უჩვეულო პეიზაჟური ფერწერის ნიმუში 1920 წლამდე ვინმე ნიკოლას ბაიაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ნახატი მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა შეიძინა, შემდეგ კი ის საბჭოთა მთავრობის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ტილო ფრანგ პოეტს, მწერალსა და კრიტიკოს ლუი არაგონს აჩუქა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ტილოს სხვა მფლობელები არ სახელდებიან, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ტილო კერძო კოლექციებში ინახებოდა.
„არსენალის მთა ღამით“ ბოლოს 2010 წელს გაიყიდა.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XIX-XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. მან ტრაგიკული ცხოვრება განვლო და სიღატაკეში გარდაიცვალა. ფიროსმანის სახელი მოგვიანებით გახდა ცნობილი. სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე მისი შემოქმედება ცხარე კამათსა და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს იწვევდა.