თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგიდან კი არ მოიხსნა, არამედ შანსები შემცირდა.
მანამდე მინისტრი აცხადებდა, რომ სააკაშვილის უკრაინიდან სამშობლოში ექსტრადიციის შანსები, სადაც მან მოქალაქეობა მიიღო, სამართლებრივი თვალსაზრისით, ამოწურულია. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი 30 მაისს ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მოქალაქეობა მას დაჩქარებული წესით მიენიჭა.
„სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება მანამ, სანამ სააკაშვილი პასუხს არ აგებს ქართული კანონის წინაშე ჩადენილი ქმედებების გამო. მე ვთქვი, რომ შანსები შემცირდა… ეს ორი სხვადასხვა რამაა – დღის წესრიგიდან მოხსნა და შანსების შემცირება“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წელს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სააკაშვილს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. ესენია: სახელმწიფოს კუთვნილი 8.8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის პირადი საჭიროებისთვის გახარჯვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა და „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა 2006 წელს.
საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოაცხადა და ასევე დაიწყო მისი საეთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცედურები. ქართულმა მხარემ არაერთხელ მიმართა უკრაინის ხელისუფლებას მისი ექსტრადირების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.