კიევი, 30 მაისი — Sputnik. შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის უფროსად წარადგინა, იუწყება სააგენტო „რია უკრაინა“.
„ეს ის ამოცანებია, რასაც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, უკრაინის მეგობარს ვუყენებ… ამ ადამიანის სახელია — მიხეილ სააკაშვილი“, — განაცხადა პოროშენკომ.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარასკევს საღამოს პიოტრ პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უყვარს ოდესა და მარკ ბერნესის შესრულებით ვიდეორგოლის „Шаланды полные кефали“ ვებ-მისამართი მიუთითა.
შაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ამჟამად მის მიმართ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული და საქართველოს პროკურატურის მიერ შიდასახელმწიფოებრივ ძებნაში იმყოფება.