სასამართლო: სააკაშვილის და მერაბიშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება

© public domainპროკურატურა, სასამართლო, მართლმსაჯულება
პროკურატურა, სასამართლო, მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 2007 წლის ნოემბრის აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაზე.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. პარასკევს, 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა საქართველოს  მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და იუსტიციის ექს-მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, 2007 წლის აქციის დარბევის საქმეზე, არ დააკმაყოფილა. 

 წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 2007 წლის ნოემბრის აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის და გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაზე. საქმე 2014 წლის ივლისში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის ორი წლის შედეგ გაიხსნა.

 "სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, კეზერაშვილის და ადეიშვილის ადვოკატების თხოვნა სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ. ეს საქმის წინასწარი მოსმენა იყო. არსებითი განხილვა 21 ივნისს დაინიშნა“, — განაცხადეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურში.

 საქართველოს შსს-ს ყოფილი მინისტრი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს, უგულავა — 2013 წლის 3 ივლისს. მათ ბრალი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარედგინათ.

 დანარჩენი ბრალდებულები გამოძიებას ემალებიან. კეზერაშვილსა და ადეიშვილზე, რომლებსაც ბრალი ასევე რამდენიმე საქმეზე აქვთ წარდგენილი, ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა. თუმცა 2015 წლის 9 აპრილს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღო.

 რაც შეეხება სააკაშვილს, ის შიდა სახელმწიფოებრივ ძებნაშია და მისი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 2 აგვისტოს სააკაშვილს, კეზერაშვილს და ადეიშვილს გამოძიების დასრულებამდე აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენა.


ყველა ახალი ამბავი
0