მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კულტურის სამინისტრო: ფიროსმანის ნახატი ”რუსული არტის სექციაში” არ უნდა იყიდებოდეს

ნიკო ფიროსმანი. "არსენალის მთა ღამით"
ნიკო ფიროსმანი. არსენალის მთა ღამით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სურათი ”არსენალის მთა ღამით” Christie's აუქციონზე 800 ათასიდან -1,2 მლნ ფუნტ სტერლინგამდეა შეფასებული.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ყურადღებას მიაქცევს, რომ ქართველი მხატვრების ნამუშევრები Christie's-ის აუქციონზე რუსულ სექციაში არ მოხვდეს, როგორც ეს ნიკო ფიროსმანის ტილოს ”არსენალის მთა ღამით” შემთხვევაში მოხდა. 

ვაჭრობა ლონდონში 1 ივნისს უნდა გაიმართოს. სურათი ”არსენალის მთა ღამით” აუქციონზე 800 ათასიდან —1,2 მლნ ფუნტ სტერლინგამდეა შეფასებული.

 ”ნახატი რუსული ხელოვნების სექციაშია განთავსებული, თუმცა ლოტის აღწერისას მითითებულია, რომ მისი ავტორი ქართველია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს დავით ლორთქიფანიძეს. შედეგად, უახლოეს მომავალში, მუზეუმი დაიწყებს მუშაობას იმ საკითხზე, რომ ქართველი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრები არ მიაკუთვნონ რუსული არტის სექციას და მოხდეს ნამუშევრების იდენტიფიცირება შესაბამის განყოფილებასთან”, — აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

 აუქციონზე ”არსენალის მთა ღამით” გამოიფინება ისეთი ცნობილი მხატვრების გვერდით, როგორებიც არიან ივან აივაზოვსკი, ნიკოლაი რერიხი, ილია მაშკინი, ივან შიშკინი, ფილიპ მალიავინი და სხვები.

 1907-1908 წლებით დათარიღებული „არსენალის მთა ღამით” ნიკო ფიროსმანმა ზეთის საღებავებით მუყაოზე დახატა. ფიროსმანისთვის უჩვეულო პეიზაჟური ფერწერის ნიმუში 1920 წლამდე ვინმე ნიკოლას ბაიაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ნახატი მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა შეიძინა, შემდეგ ის საბჭოთა მთავრობის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ტილო ფრანგ პოეტს, მწერალსა და კრიტიკოსს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქა. ტილოს სხვა მფლობელები არ სახელდებიან, მხოლოდ აღნიშნულია, რომ კერძო კოლექციებში ინახებოდა. ”არსენალის მთა ღამით” ბოლოს 2010 წელს გაიყიდა.

 ნიკო ფიროსმანი (1862-1918) მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. მან ტრაგიკული ცხოვრება განვლო და სიღატაკეში გარდაიცვალა. ფიროსმანის სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე მისი შემოქმედება ცხარე კამათსა და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს იწვევდა.

 ფიროსმანის ორი ათასზე მეტი ნამუშევრიდან სამასამდე ნახატია შემორჩენილი. მისი კედლის მხატვრობიდან კი არც ერთი არ გადარჩენილა — რევოლუციის შემდეგ ისინი ან ჩამოიშალა, ან სახლებთან ერთად გაქრა. აბრებისგან, რომლებსაც ის მრავალი დუქნისთვის ხატავდა, რთულ ზამთარში ღუმელის მილებს აკეთებდნენ. თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ამ მილებზე საღებავების კვალი კიდევ დიდხანს რჩებოდა.

 მხატვრის ნამუშევართა უმეტესობა თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ყველა ახალი ამბავი
0