თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ფიფას წევრი 209-ვე ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი ესწრება ორგანიზაციის კონგრესს ციურიხში, რომელზეც ფიფას პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.
ფიფას კონგრესი ციურიხში ”ჰალენშტადიონის” არენაზე მიმდინარეობს. ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ ფიფას წევრების წარმომადგენელთა სია ამოიკითხა.
პირველად ფიფას ისტორიაში პრეზიდენტის არჩევნები უზარმაზარი კორუფციული სკანდალის ფონზე მიმდინარეობს. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ციურიხში კორუფციის ბრალდებით ფიფას რიგი მაღალჩინოსნებისა დააკავეს. მათ შორის არიან: ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი უები და ეუხენიო ფიგერედო, ასევე ედუარდო ლი, ხულიო როკა, კოსტას ტაკასი, რაფაელ ესკიველი, ხოსე მარია მარინი. ბრალი ასევე წარედგინათ ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის ექს-პრეზიდენტს, ახლო წარსულში ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯეკ უორნერსა და ნიკოლა ლეოსს. საუბარია ფიფაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფართომასშტაბიანი კორუფციის შესახებ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადების მიღებას, მარკეტინგულ და სამაუწყებლო გარიგებებს ეხება. ბრალდება ასევე მოიცავს თაღლითობას, რეკეტს და ფულის გათეთრებას. ჩინოვნიკები ციურიხის სასტუმროში დააკავეს, სადაც 29 მაისს დაგეგმილი ფიფას მომავალი პრეზიდენტის არჩევნების მოლოდინში იყვნენ შეკრებილნი.
ოთხშაბათს შვეიცარიის იუსტიციის და პოლიციის ფედერალურმა დეპარტამენტმა (FDJP) ასევე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების — რუსეთის და ყატარის არჩევნებთან დაკავშირებით, რაც, შესაბამისად, ფიფას საგამოძიებო პალატის ეთიკის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის მაიკლ გარსიას ანგარიშის მონაცემებიდან გამომდინარეობს. რუსეთმა და ყატარმა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის 2018 და 2022 წლებში ჩატარების უფლება 2010 წელს მოიპოვეს.