თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ხელოვნებათმცოდნე გიორგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტილოთი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც კრისტის აუქციონზეა გამოფენილი.
ვაჭრობა ლონდონში 1 ივნისს უნდა გაიმართოს. სურათი „არსენალის მთა ღამით“ აუქციონზე 800 ათასიდან 1,2 მლნ ფუნტ სტერლინგამდე არის შეფასებული.
„ხელისუფლებამ უნდა გამოყოს თანხა და შეიძინოს ეს ტილო, ან დიპლომატიური არხების საშუალებით იზრუნოს იმაზე, სად გამოიფინება იგი. მსგავს ნახატებს, რომელთა ღირებულება მილიონს აღემატება, განძივით ინახავენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის რომელიმე პრესტიჟულ გალერეაში მოხვდეს“, – განაცხადა ხოშტარიამ რადიო „Спутник-Грузия“–თან საუბრისას.
მისი თქმით, ასეთი დონის აუქციონებზე ქართველი მხატვრების, მათ შორის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები ადრეც გაყიდულა.
1907-1908 წლებით დათარიღებული „არსენალის მთა ღამით“ ნიკო ფიროსმანმა ზეთის საღებავებით დახატა მუშამბაზე. ფიროსმანისთვის უჩვეულო პეიზაჟური ფერწერის ნიმუში 1920 წლამდე ვინმე ნიკოლას ბაიაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ნახატი მხატვარმა კირილ ჟდანევიჩმა შეიძინა, შემდეგ კი ის საბჭოთა მთავრობის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ტილო ფრანგ პოეტს, მწერალსა და კრიტიკოსს ლუი არაგონს აჩუქა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ტილოს სხვა მფლობელები არ სახელდებიან, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ტილო კერძო კოლექციებში ინახებოდა. „არსენალის მთა ღამით“ ბოლოს 2010 წელს გაიყიდა.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. მან ტრაგიკული ცხოვრება განვლო და სიღატაკეში გარდაიცვალა. ფიროსმანის სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე მისი შემოქმედება ცხარე კამათსა და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს იწვევდა.
ფიროსმანის ორი ათასზე მეტი ნამუშევრიდან სამასამდე ნახატიღაა შემორჩენილი. მისი კედლის მხატვრობიდან კი არცერთი გადარჩენილა – რევოლუციის შემდეგ ისინი ან მოანგრიეს, ან შენობებთან ერთად მოისპო. აბრებისგან, რომლებსაც ის დუქნებისთვის ხატავდა, ზამთრის პერიოდში ღუმელის მილებს აკეთებდნენ. თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ამ მილებზე საღებავების კვალი კიდევ დიდხანს რჩებოდა და ხანდახან ვიღაცის ფანტასტიური თვალის ამოცნობაც კი შეიძლებოდა.
მხატვრის ნამუშევართა უმეტესობა თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.