თბილისი, 29 მაისი – Sputnik. დემოგრაფიული მონაცემები არ იტყუებიან: ევროპა თვითმკვლელობას სჩადის. მოსახლეობის რაოდენობის შესანარჩუნებლად შობადობის დონემ ერთ ქალზე 2,1 ბავშვი უნდა შეადგინოს, ციტირებს რუსულენოვანი პორტალი ИноСМИ ისრაელის გაზეთს Israel Hayom. დღეს ევროპაში ეს მაჩვენებელი 1,6 შეადგენს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, ისეთებში, როგორიცაა გერმანია და იტალია, სულ 1,4-ს. ევროპის დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის ერთ–ერთი გზა – ეს ემიგრანტების მიღებაა. ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში ემიგრანტები უკვე მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ, ხოლო ავსტრიაში – 15%-ს.
ემიგრანტთა უმეტესობა მუსლიმური ქვეყნებიდან არიან გამოსულები. ეს ადამიანები საკუთარ სამშობლოებში სიღარიბეში ცხოვრობენ და სოციალური უზრუნველყოფის ევროპული სისტემის მქონე სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლა ძალზე მომხიბლავ შესაძლებლობად ეჩვენებათ. აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან მილიონობით მუსლიმი ჩამოვიდა. მათ ძირითადად სოციალურ–ეკონომიკური მოტივაცია ამოძრავებთ. თუმცა არიან ინტელექტუალური წრეებისა და ღვთისმსახურთა წარმომადგენლებიც, რომლებიც შეთქმულებებს ხლართავენ და ამ ემიგრანტების მეშვეობით ევროპის დაპყრობას გეგმავენ. ასე მაგალითად, „მუსლიმი ძმების“ მთავარი სულიერი ავტორიტეტი შეიხი იუსუფ ალ-ქარადავი, რომელიც ისლამურ ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, 30 წელია გამოწვლილვით გეგმავს ევროპის დაპყრობას არაძალადობრივი გზით. გეგმა ძალზე უბრალოა და ითვალისწინებს: გავლენის მოხდენას ემიგრანტებზე, ახალგაზრდობის ჭეშმარიტი ისლამის წიაღში დაბრუნებას, ზემოქმედებას მსხვილ პოლიტიკურ პარტიებზე, საკვანძო თანამდებობების დაკავებას და საბოლოო ჯამში ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით მოსვლას, როცა მუსლიმთა რაოდენობა საკმარისად გაიზრდება. ლიბიური ჯამაჰირიის ლიდერი მუამარ კადაფი ჯერ კიდევ 2006 წელს გვაფრთხილებდა ამის თაობაზე. ის დასავლეთს მხარს უჭერდა ევროპაში თავისუფალი არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მერე დასავლურმა ქვეყნებმა მიატოვეს იგი, რაც ახლა ძვირად დაუჯდათ. არალეგალური იმიგრაცია ევროპისთვის უდიდეს პრობლემად იქცა და მასთან გამკლავება ძალზე ძნელია. 23 აპრილს ევროკავშირის 28 სახელმწიფო შეიკრიბა თათბირზე, რომელიც იმიგრანტებს ეძღვნებოდა. რა თქმა უნდა, არანაირი რეალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ხოლო იტალიის წინადადება, ჩაეძირათ ხომალდები პორტიდან გამოსვლამდე, უარყვეს.
„მუსლიმი ძმების“ სტრატეგია ნაყოფს იღებს. მუსლიმების მეოთხე თაობა ევროპაში ბევრად რელიგიური აღმოჩნდა, ვიდრე მათი მამები და ბაბუები. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მუსლიმების 40% მხარს უჭერს შარიათის შემოღებას იმ რაიონებში, სადაც თავად ცხოვრობენ. თუ 1989 წელს საფრანგეთში მეჩეთში 25 წლამდე ასაკის მუსლიმთა 7% დადიოდა, ახლა 23% დადის. ფრანგი მუსლიმების 90% იცავს რამადანის მარხვას და მხოლოდ ჰალალურ პროდუქტს (მუსლიმებისთვის მარხვაში დაშვებული საკვები) მიირთმევენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საკუთარ თავზე გამოსცადა მათი გავლენის შედეგი: საპრეზიდენტო არჩევნებში მას ქვეყნის მუსლიმთა 85%-მა მისცა ხმა, რითაც ოლანდის გამარჯვება უზრუნველყო.
თუმცა არსებობენ სხვა ძალებიც, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ევროპაში მუსლიმთა რაოდენობის გაზრდას ამ კონტინენტის დასაპყრობად გამოიყენებენ. „ისლამური სახელმწიფო“ ერთდროულად ორ მიზანს ისახავს: ა) შეცვალოს დემოგრაფიული ბალანსი ევროპის მუსლიმი იმიგრანტებით გადავსების გზით და ბ) შეგზავნოს ბოევიკები ევროკავშირის ქვეყნებში ტერაქტების მოსაწყობად და ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად. ხმელთაშუა ზღვისპირას მდებარე ლიბიურ ქალაქ სირტზე კონტროლი აიოლებს ამ ამოცანას. „ისლამური სახელმწიფო“ ევროპაში ნახევარი მილიონი იმიგრანტის შეგზავნასა და ჰუმანიტარული კრიზისის მოწყობას გეგმავს, რის გამოც დასავლეთი ეთიკაში გაიხლართება და იძულებული იქნება, უზარმაზარი თანხები გამოყოს პრობლემის მოსაგვარებლად. ამასობაში კი „ისლამური სახელმწიფო“ შეძლებს თავისი ხალხი ჩანერგოს იმიგრანტთა ბრბოში. როგორც ჩანს, ეს პროგრამა მომდევნო საფეხურზე გადავიდა: „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები იტალიაში იღებენ ფოტოებს, რომლებსაც ავის მომასწავებელ განცხადებებს ურთავენ.
აქედან გამომდინარეობს ისრაელის მიმართ ირიბი მუქარა. ევროპის მუსლიმი ახალგაზრდობა გამოირჩევა ანტისემიტიზმის აშკარა ელემენტების შემცველი უკიდურესი ანტისიონისტური შეხედულებებით. ევროპელი ლიდერები შეასრულებენ მათ მოთხოვნებს, ვინაიდან არჩევნებში მუსლიმთა ხმები სჭირდებათ. ამის გამო ევროპული ქვეყნები ისრაელის მიმართ ურთიერთობას გაამკაცრებენ. ისრაელის კომპანიების პროდუქციისადმი ბოიკოტი კიდევ მეტად გაფართოვდება. თანაც „მუსლიმი ძმები“ და „ისლამური სახელმწიფო“ ებრაელებს ისლამის უმთავრეს მტრებად მიიჩნევენ და ამიტომ ებრაული ცენტრების წინააღმდეგ ტერაქტებს უნდა ველოდოთ, როგორც ეს იყო ბელგიაში, საფრანგეთსა და დანიაში. ისრაელის ლიდერებს არ აწყენდათ, დახმარებოდნენ ევროპელებს ისლამური სახელმწიფოებიდან არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლაში. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენც მოგვიტანს სარგებელს.
ავტორი: ეფრაიმ ჰარარე – მეცნიერებათ დოქტორი, ისლამის მკვლევარი, ავტორი წიგნისა „ჯიჰადი: თეორია და პრაქტიკა“.