თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოიძიებისათვის დამატებითი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების აუცილებლობას ვერ ხედავს.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების საკითხზე საჯარო დებატების დროს იმსჯელეს, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ორგანიზებით, პარასკევს, 29 მაისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
„არსებობს ბევრი კომისია. სახალხო დამცველი – ერთ–ერთი დიდი ინსტიტუტია, რომელიც გვაკონტროლებს და ხანდახან გვაკრიტიკებს კიდეც. ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი სხვადასხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბება და დამატებითი კონტროლის დამყარება“, – განაცხადა გომალაურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია პროკურატურის რეფორმირება, რათა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეფექტური რეაგირება მოჰყვეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“, რომელიც შსს–ს რეფორმირების სამუშაო ჯგუფის წევრია, საზოგადოების ჩართულობის საბჭოს ჩამოყალიბებისა და ე.წ. ოდეერების (უსაფრთხოების საკითხების ოფიცრები, რომლებსაც სახელმწიფო დაწესებულებებსა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ორგანოებში ნიშნავენ) სისტემის გაუქმების აუცილებლობის შესახებ მანამდე აცხადებდა.