ქართველი ექსპერტი არ გამორიცხავს ევროზონის კრიზისს

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრობლემების მიუხედავად, ევროს შემოღება საერთო ჯამში დადებითად აისახა ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებასა და ასევე ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებზე, მიაჩნია ექსპერტს.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ქართველი ექსპერტი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისეთივე კრიზისში აღმოჩნდებიან, როგორშიც საბერძნეთია, ბევრმა სახელმწიფომ დატოვოს ევროზონა.

„თუ ცალკეული ქვეყნები ევროზონას დატოვებენ, ეს გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის ევროკავშირის შიგნით ეკონომიკურ ინტეგრაციას. მომავალში, თუ წევრ-ქვეყნებს საბერძნეთის მსგავსი პრობლემები შეექმნებათ, ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში“, – განაცხადა ჩიტაძემ.   

მისი თქმით, საბერძნეთის კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკაზე. 

„საბერძნეთის კრიზისი პრობლემებს ქმნის, ვინაიდან ეს ქვეყანა 2002 წლიდან, ანუ ევროს მიმოქცევაში შემოსვლის მომენტიდან არის ევროზონის წევრი. საერთაშორისო სამეწარმეო წრეებში ევროს მიმართ ნდობის დონემ გარკვეულწილად დაიწია. გარკვეული კრიზისია ესპანეთსა და პორტუგალიაში.  ხოლო საბერძნეთის მუქარა, რომ შესაძლოა დატოვოს ევროზონა, ასევე მოქმედებს საფონდო ბაზარზე“, – აღნიშნავს ჩიტაძე. 

ამასთან ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამავდროულად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც ევროზონის წევრობა სურთ. „დღეს ევროკავშირის 28 ქვეყნიდან ევროზონაში შედის 19. ბუნებრივია, ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, დანია და შვედეთი არ აპირებენ ევროზონაში გაერთიანებას. მაგრამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებს სხვა პოზიცია აქვთ. მაგალითად, ბოლო დროს ევროზონის წევრები გახდნენ სლოვენია, ლატვია და სხვები“, – ხაზი გაუსვა ექსპერტმა. 

ჩიტაძის აზრით, ერთიანი ვალუტის შემოღება დადებითი მოვლენა იყო: „ევროპა ამისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ეს რომ უარყოფითი მოვლენა ყოფილიყო, ევროზონაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა არ გაიზრდებოდა“. 

„მიმაჩნია, რომ ევროკავშირის ეკონომიკა ყველაზე ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საბერძნეთის კრიზისი.  ვფიქრობ, რომ პრობლემების მიუხედავად, ევროს შემოღება საერთო ჯამში დადებითად აისახა ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებასა და ასევე ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებზე“, – მიაჩნია ექსპერტს. 

ამავე დროს ჩიტაძე იმ შეცდომებზეც მიუთითებს, რომლებიც ერთიანი ვალუტის შემოღებას უკავშირდებოდა. „ევროს გარკვეული ნაკლი აქვს, კერძოდ კი ის, რომ ევროზონის წევრი ქვეყნების ეკონომიკები განვითარების დონით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში სახელმწიფოებს უწევთ იმ ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა, რომლებსაც კრიზისი აქვთ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ევრო დადებით როლს თამაშობს ევროზონაში შემავალი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების საქმეში“, – თქვა ჩიტაძემ.    

ექსპერტი ევროს კურსის დოლართან მიმართებაში ვარდნას რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

„ევროს კურსის ვარდნა უპირველესად მსოფლიოში დოლარის კურსის გამყარებასთანაა დაკავშირებული. მეორე საკითხი კი ევროკავშირის ქვეყნებიდან აშშ-ში ექსპორტის შედარებით შემცირებასთანაა კავშირში. როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა 2 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ამიტომ ევროს კურსის დოლართან მიმართებაში ვარდნა ამ ორ ფაქტორს შეგვიძლია დავუკავშიროთ.  მაგრამ ამას არ ექნება კატასტროფული ხასიათი, ვინაიდან საერთო ჯამში  ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში ბევრად მეტია, ვიდრე აშშ-ისა, რადგან ერთად აღებული 28 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი  აჭარბებს ამერიკის მთლიან შიდა პროდუქტს“, –აცხადებს ექსპერტი.  

Sputnik.Мнения-ს მორიგი გამოკითხვის თანახმად, რომელიც ბრიტანულმა კვლევითმა სააგენტომ ICM Research ჩაატარა საერთაშორისო სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკისათვის“, რესპონდენტთა უმრავლესობას ევროპის ქვეყნებში მიაჩნია, რომ საბერძნეთმა საკუთარი ვალები თავად უნდა გადაიხადოს, ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე. ასე ფიქრობს გამოკითხულთა საშუალოდ 51%. 

მეტნაკლებად ერთნაირი მოსაზრება დააფიქსირეს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მაცხოვრებლებმა – ამ ქვეყნების მოსახლეობის შესაბამისად 62% და 69% ვარაუდობს, რომ საბერძნეთმა თავად უნდა დაფაროს საკუთარი ფინანსური ვალდებულებები. ამ აზრზეა გამოკითხული ფრანგების 50%.

 სხვა აზრზე არიან თავად საბერძნეთის მცხოვრებლები. შეკითხვაზე „როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა გადაიხადოს საბერძნეთის ვალები“, გამოკითხულთა 55% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ეს ვალები უბრალოდ უნდა ჩამოიწეროს. ბერძნების მხოლოდ 25% ფიქრობს, რომ ქვეყანამ თავად უნდა გადაიხადოს საკუთარი ვალები. ამასთან, რესპონდენტთა 8%-ს მიაჩნია, რომ  საბერძნეთის ვალებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროპულმა კომისიამ, ხოლო რესპონდენტთა 6% დარწმუნებულია, რომ საბერძნეთის ვალები მთელმა ევროკავშირმა უნდა გადაიხადოს.

შეკითხვას: „როგორ ფიქრობთ, უნდა თქვას თუ არა საბერძნეთმა უარი ევროზე და კვლავ მანამდელ ეროვნულ ვალუტას დაუბრუნდეს“, გამოკითხულ ევროპელთა ნახევარზე მცირედით მეტმა (53%) უარყოფითად უპასუხა. ევროპული ვალუტის გაუქმების მხარდამჭერთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა  გერმანიაში. გერმანულ მარკაზე გადასვლს ეთანხმება 39%. საბერძნეთსა და საფრანგეთში  ეროვნული ვალუტების დაბრუნებას მხარს უჭერს შესაბამისად 24% და 29%. 


ყველა ახალი ამბავი
0