თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია პროკურატურის რეფორმირება, რათა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეფექტური რეაგირება მოჰყვეს. ეს განცხადება პრეზიდენტმა საჯარო დებატებისას გააკეთა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ომბუდსმენმა 2014 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის თაობაზე ანგარიში წარმოადგინა და ილაპარაკა იმ დანაშაულების შემსწავლელი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, რომლებიც შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეთ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს.
„ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც წინ წამოიწია, არის პროკურატურის ან სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ან ქმედებათა შესაძლო გადამეტების მიმართ რეაგირების ეფექტურობა, რაც, ჩემი აზრით, დაკავშირებულია თავად პროკურატურის რეფორმირების საკითხთან. მე არ შევალ განხილვაში როგორ და რანაირად უნდა განხორციელდეს ეს რეფორმა, მაგრამ ნამდვილად განსახორციელებელია ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განაცხადა, რომ ვერ ხედავს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.
„რაც შეეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს შორის. აქედან გამომდინარე, რამდენად კარგადაც ვიცნობ თუნდაც ევროკავშირთან მუშაობის დღის წესრიგს, პირდაპირი მოთხოვნა იმისა, რომ პროკურატურის გარდა რაიმე ახალი საგამოძიებო ორგანიზაცია უნდა შეიქმნას, არ არსებობს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.