თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და საზოგადოებისათვის ეკონომიკაში არსებული პოზიტიური დინამიკა თვალსაჩინო გახდეს.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.
”2014 წლის განმავლობაში შეიქმნა 33,1 ათასი სამუშაო ადგილი, აქედან 90% სწორედ კერძო სექტორზე მოდის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ასევე ექსპორტის დინამიკაში. დიდი ზრდა შენარჩუნდა სოფლის მეურნეობაშიც, გაზრდილია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი, რაც ასევე პოზიტიური სიგნალი და ტურისტების მზარდი რაოდენობის შედეგია", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის აპრილშიც დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მისი თქმით, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები ინვესტიციების მოზიდვასა და პრივატიზაციის გეგმაზე აქტიურად მუშაობენ.