თბილისი, 29 მაისი – Sputnik. რუსეთის კომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო მაგისტრალისა და პორტების გამოყენების საშუალებით ტვირთების გადაზიდვითა და ტრანზიტით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხში ზურაბ აბაშიძემ პარასკევს, 29 მაისს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე, რომელიც სავარაუდოდ პრაღაში გაიმართება ივნისის მეორე ნახევარში, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხები იქნება განხილული. შეხვედრაში სავარაუდოდ იმონაწილევებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელიც.
„ამაში ახალი არაფერია. ეს მუშაობა მიდის, ხორციელდება ტვირთების ტრანზიტით გადაზიდვა. უფრო კონკრეტულად რკინიგზის სამსახური მოგახსენებთ, მაგრამ ამაში ახალი არაფერი არ არის. ეს ხდებოდა, ხდება და კიდევ მეტი დაინტერესებაა, რამდენადაც მე ვიცი, რუსული კომპანიებიდან, რომ სატრანზიტო მიმართულება უფრო მეტად იყოს მათი მხრიდან გამოყენებული, და ეს დაკავშირებულია ჩვენს რკინიგზასა და საზღვაო პორტებთან. ასე რომ, ეს საინტერესო თემა და საინტერესო პერსპექტივაა“, – განაცხადა აბაშიძერმ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წელს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს, რომლებიც პრაღაში იმართება. შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას. მათზე ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები წყდება.