თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი „გონივრულ გადაწყვეტილებას“ მიიღებს და ათონელის ქუჩაზე მდებარე ახალ საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადავა, რამდენადაც ამ ფეშენებელური შენობის გაყიდვა ან სხვა დანიშნულებით გამოყენება, პრაქტიკულად შეუძლებელია. მმართველმა გუნდმა შენობის ფუნქციაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ათონელზე მდებარე რეზიდენცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში გადავიდა.
„მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ფინანსები და ბიუჯეტი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ვიფიქროთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე და დავიწყოთ მკვეთრი მოქმედება, ვინაიდან ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯს, რაც არავის ინტერესებში შედის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე პარასკევს, 29 მაისს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
„თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა საკუთარი რეზიდენციისთვის გამოეყენებინა შენობა, რომელიც მთავრობამ პრეზიდენტისთვის ააშენა და 26 მილიონი დახარჯა, ჩემთვის და ყველასთვის მისასალმებელი იქნებოდა. თუმცა, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მთავრობა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, რაიმე მკვეთრ მოძრაობას ვერ გააკეთებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე დასძინა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია თავს ფუფუნების ნება მისცეს და უფუნქციოდ დატოვოს ასეთი ფეშენებელური და ძვირადღირებული შენობა. მისი თქმით, შენობის სტატუსიდან გამომდინარე, მისი გაყიდვა ან სხვა დანიშნულებით გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რამდენადაც საოფისე ფართები შენობის მხოლოდ 29%-ს შეადგენს.
პრემიერ–მინისტრი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი „გონივრულ გადაწყვეტილებას“ მიიღებს ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით, – აღნიშნეს მთავრობის პრეს–სამსახურში.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მხედველობაში მისაღებია ის პრობლემებიც, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს აქვთ შენობებთან დაკავშირებით – ავარიულ მდგომარეობაშია საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, პრობლემებია ხელოვნებისა და თბილისის მუზეუმებთან, ხელნაწერთა ცენტრსა და სამუზეუმო-საექსპოზიციო სივრცეებთან მიმართებაში.
მანამდე ადამიანთა უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში გადასვლის საკითხი დღის წესრიგში „პიროვნული დაპირისპირების“ გამო დადგა. მისი თქმით, პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ დარჩება ავლაბრის რეზიდენციაში.