თბილისი, 29 მაისი, – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ ქვეყნის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო. ეს აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მაჟორიტარული ოლქების გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთშაბათს, 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც მუნიციპალიტეტების რაოდენობაზე მიბმით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გადანაწილების პრინციპს ეხება.
როგორც სასამართლოში განმარტეს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა.
საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში იქმნებოდა 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი.
„ბუნებრივია, პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსის რეფორმირებისას, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გამოუქვეყნებია არგუმენტები და ჩვენ ამას ველოდებით… ჩვენ ვემზადებით გარკვეული ცვლილებებისთვის ამ კუთხით“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა მმართველი კოალიციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, პარტიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„საუბარი იყო იმაზე, თუ რა სახითაა აუცილებელი არსებული საარჩევნო კოდექსის შეცვლა, რათა ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოვიდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ მაჟორიტარული ოლქების გაუქმება არ ნიშნავს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გაუქმებას.