თბილისი, 29 მაისი – Sputnik. უკურნებელი და ქრონიკული სენით დაავადებული ბავშვებისთვის პირველი დაწესებულება საქართველოში 2016 წლის ბოლოს გაიხსნება, შესაბამის მემორანდუმს ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“, „ბავშვთა ჰოსპისმა“ და სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ პარასკევს, 29 მაისს მოწერეს ხელი.
„ბავშვთა ჰოსპისი“, რომელიც ამ ეტაპზე პალიატიური მკურნალობის საჭიროების მქონე ბავშვებს ემსახურება, დაარსდა ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ინიციატივით.
„ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბავშვთა ჰოსპისი სამი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად და შინ ზრუნვის ცენტრი, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა დედაქალაქში დიღომში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ივლისის თვეში დაიწყება. პროექტის განსახორციელებლად პირველი შემოწირულობა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და კომპანია „ევექსმა“ გაიღეს.
„ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება“, – ნათქვამია განცხადებაში.
აპრილში, "ბავშვთა ჰოსპისის" პროექტის ჯგუფმა ჰოლანდიის ბავშვთა საუკეთესო ჰოსპისები მოინახულა. საქართველოში გახსნილი ახალი ჰოსპისი საერთაშორისო ჰოსპისების სტანდარტების შესაბამისი იქნება.
პალიატიური მზრუნველობა მოიცავს როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ისე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა.
„უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა ოჯახზეა ორიენტირებული. უმჯობესია, რომ პალიატიური მზრუნველობა რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიწყოს. ეს ეფექტურია როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახის წევრებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას და განვითარებას 1999 წლიდან ხელს უწყობს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო". ფონდის მხარდაჭერით დღემდე თბილისში ფუნქციონირებს ორი ჰოსპისი ზრდასრული პირებისთვის – ერთი ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე, მეორე კი ფერისცვალების დედათა მონასტერში.