თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი "თელასის" გუნდის გამარჯვებით დასრულდა, აღნიშნულია კომპანიის პრეს-რელიზში.
ჩემპიონატის ბოლო მატჩში, რომელიც სპორტკომპლექსში "არენა-2" გაიმართა, "თელასის" ფეხბურთელებმა ანგარიშით 18:4 გუნდი "თბილისი" დაამარცხეს. მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
"თელასის" ფეხბურთელები არამარტო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ, არამედ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. საქართველოს ჩემპიონის ტიტული "თელასის" გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.
ჩემპიონატი 2014 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის ორ ეტაპად ტარდებოდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან რვა გუნდი მონაწილეობდა. "თელასის" ფეხბურთელებმა თოთხმეტი მატჩი ჩაატარეს და ყველა თამაშში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად ხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ზაფხულში უეფა ჩაატარებს კენჭისყრას, სადაც გაირკვევა "თელასის" გუნდის სავარაუდო მეტოქე.
"თელასის" გუნდი ფუტსალში უკვე 16 წელია არსებობს და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ზედიზედ ორი წლის მანძილზე (2013–2014 წწ.) "თელასის" გუნდი „ინტერ რაოს“ მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაოს“ მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.